ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა
– – –
2016 წლის, 31 მარტს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი შეხვედრა. შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი განცხადება:
ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ:
1.ქორწინების, როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის ასახვა კონსტიტუციაში წარმოადგენს შიდა სახელმწიფოებრივ პრეროგატივას;
2.ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად მოიაზრებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტები. მაგალითად: ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,, (მუხლი მე-16) პაქტი ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,,(მუხლი 23-ე) ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია,, (მუხლი მე-12);
3.ევროპის კავშირის წევრი არაერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს მსგავსი ჩანაწერი. მაგალითად: უნგრეთის (მუხლი „L“), პოლონეთის(18-ე მუხლი), ბულგარეთის(47-ე მუხლი), ლიტვის(38-ე მუხლი), ლატვიის (110-ე მუხლი) და სხვა ქვეყნების კონსტიტუციები;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ, საქართველოში მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებებს მიგვაჩნია, რომ:
• კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის დაზუსტება წარმოადგენს საქართველოში მოღვაწე ყველა ძირიდათი, ტრადიციული რელიგიური გაერთიანებების ინტერესს და იგი თანხვედრაშია ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის განწყობასთან მიუხედავად მათი რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა;
• ინიციატივის განხორციელება მნიშვნელოვანწილად მოხსნის მოსახლეობის დიდ ნაწილში არსებულ ეჭვებსა და სტერეოტიპს საქართველოს ევროპულ არჩევანთან მიმართებაში. შესაბამისად, შემცირდება ამ მიმართულებით არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება, რაც სამწუხაროდ ბოლო დროს არის სახეზე;
• ამგვარი ინიციატივის განხორციელება მოხსნის დაძაბულობას მოსახლეობაში და შემცირდება ექცესების და ძალადობის გამოვლინების რისკები სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში.
საქართველოს წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია;
ებრაელთა რელიგიური საზოგადოება;
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
ეზიდთა სასულიერო საბჭო;