შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასულიერო პირებთან
19 თებერვალს, კავშირი “21-ე საუკუნის” მიერ ორგანიზებული იქნა შეხვედრა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის სასულიერო პირებთან. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი თვითმმართვლობების წარმომადგენლები, აქტიური მრევლი. დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ კავშირი “21-ე საუკუნის” პროგრამების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მედულაშვილი.
შეხვედრა გახსნეს, მონაწილეთა წარდგენა მოახდინეს და შეხვედრის მიზნებზე ისაუბრეს მიტროპოლიტი სერაფიმემ და პაატა გაჩეჩილაძემ.
კავშირი „21-ე საუკუნის“ პროგრამების ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების მოდელებსა და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია რუმინეთსა და ბულგარეთში მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების საკითხებმა და მისმა სამართლებრივმა რეგულირებამ. აღსანიშნავია, რომ ეს მასალები პირველად იყო დამუშავებული და წარმოდგენილი ქართულ ენაზე და იგი შევა წიგნში ,,მართლმადიდებელი ეკლესია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში,, რომელსაც კავშირი ,,21-ე საუკუნე,, მაისის თვეში გამოსცემს. ტრადიციულად ხაზი გაესვა იმ მრავალფეროვნებას რომელიც ევროპის კავშირის სივრცეში არსებობს სახელმწიფოს და რელიგიურ გაერთიანებებს შორის.
ქალბატონმა თამარ მედულაშვილმა მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პროცესი, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისათვის. საუბარი იყო ამ პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე და საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე, რუსული პროპაგანდის როლზე ამ სტერეოტიპების დამკვიდრებაში.
შეხვედრა უშუალო გარემოში წარიმართა. მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. გაიმართა დისკუსია. დამსწრეებს ტრადიციულად მიეცათ წინადადება მიაწოდონ მათთვის საინტერესო აქტუალური საკითხები ორგანიზაციას, რაზეც კავშირი „21-ე საუკუნე“ მზად არის მათ წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია.
დამსწრეთ გადაეცათ მათთვის წინასწარ მომზადებული გამოცემა ,,სახელმწიფო და ეკლესია ევოგაერთიანების წევრ ქვეყნებში“, როგორც ელექტრონული ასევე ნაბეჭდი სახით.
შეხვედრა ორგანიზებული იქნა ქ.ბორჯომში, სასტუმრო ,,ქრაუნ პლაზა ბორჯომში,,
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.