,,სიძულვილის ენის პრობლემა და მისი დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში”
კავშირი ,,21-ე საუკუნე’’ აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში.
28 დეკემბერს, თბილისის წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სასწავლო ცენტრში ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა შეხვედრა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებთან.
შეხვედრა მიეძღვნა ისეთი აქტუალური საკითხის განხილვას როგორიცაა სიძულვილის ენა. შეხვედრა გახსნა ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა მამა ალექსანდრე გალდავამ. მან დამსწრეთ გააცნო შეხვედრის მიზანი, ისაუბრა სიძულვილის ენის პრობლემაზე და იმ თანამშრომლობაზე, რომელიც ეკლესიას აკავშირებს კავშირ ,,21-ე საუკუნესთან’’.
ამ ღონისძიებების მიზანია გაზარდოს საქართველოს საპატრიარქოსა და სხვა რელიგიური გაერთიანებების სასულიერო პირების ინფორმირებულობის ხარისხი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით. ამ ფასეულობების გაცნობა და პოპულარიზაცია კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრირების ფონზე, რასაც რუსეთის პროპაგანდა და სხვა გამოწვევები უპირისპირდება.
შეხვედრაზე დამსწრეებს წარუდგინეს კავშირი ,,21-ე საუკუნის,, მიერ მომზადებული ახალი გამოცემა.
ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი პაატა გაჩეჩილაძე დამსწრეთა წინაშე წარსდგა პრეზენტაციით. მან სასულიერო პირებს გააცნო წიგნის შინაარსი, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
• სიძულვილის ენის განმარტება და ზოგადი ინფორმაცია მის შესახებ;
• სიძულვილის ენა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში და რეკომენდაციებში;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები;
• სიძულვილის ენა ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში;
• ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ – მოხსენება საქართველოს შესახებ და ქართული კანონმდებლობა;
მოყვანილი იქნა სიძულვილის ენის გამოყენების მაგალითები, მათ შორის რელიგიის სფეროში.
პრეზენტატორმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, გაიმართა დისკუსია.
შეხვედრას უძღვებოდა ქ-ნი თეა გოგოტიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი რელიგიათაშორისი ურთიერთობის საბჭოში.
შეხვედრა გაიმართა პროექტის – ,,სიძულვილის ენის პრობლემა და მისი დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.http://www.fes-caucasus.org/news-list/e/overcoming-hate-speech-in-georgia/?fbclid=IwAR09dRD94AZ_8U4KXK_vJ84vQZJ4u4FlgEKr3ANdxOxOsqngpZt62MezWS8
– – –