სემინარი:საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები

16 ივნისს, წმიდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კავშირის „21-ე საუკუნე“ ორგანიზებით სასწავლებლის ლექტორებისა და სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა. სემინარზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები განიხილეს.
დამსწეთა წინაშე მოხსენებებით წარსდგნენ ინსტიტუტის რექტორი არქიმანდრიტი ადამი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქ-ნი თამარა წულეისკირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი დავით ბუჯიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი თორნიკე ფარულავა და „21-ე საუკუნე“ გამგეობის თავმჯდომარე ბ-ნი პაატა გაჩეჩილაძე.
შეხვედრაზე ხაზგასმული იქნა, რომ რომ სასულიერო პირები და სასულიერო სასწავლებლების მსმენელები საინფორმაციო ცენტრის უმნიშვნელოვანესი სამიზნე ჯგუფია და ცენტრის ამოცანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ მათთვის ამომწურავი, სწორი ინფორმაციის მიწოდება და ამ პროცესებში მათი მაქსიმალური ჩართვის უზრუნველყოფაა. ქ-ნმა თამარა წულეისკირმა განსაკუთრებით აღნიშნა ცენტრის ძალისხმევა, აღნიშნული სამიზნე ჯგუფი გახდეს მნიშვნელოვანი მოკავშირე საზოგადოებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მედეგობის გაძლიერების პროცესში.
დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ევროკავშირის დახმარების პროექტების, ინტეგრაციის პროცესში მიღებული სარგებლის, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებსა და არსებულ გამოწვევების შესახებ.
თავის გამოსვლაში ბ-ნმა პაატა გაჩეჩილაძემ მიმოიხილა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ასებული მოდელები, სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობების დინამიკა და ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა.
სემინარი წარმოადგენს საინფორმაციო ცენტრსა და კავშირის „21 საუკუნე“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტივობას, რაც ითვალისწინებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებსა და საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
 

About the author: nana