ინტერრელიგიური საბჭოს შეხვედრა
– – –
2016 წლის 9 თებერვალს გაიმართა ინტერელიგიური საბჭოს მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი, სომხური სამოციქულო, რომის კათოლიკე, ევანგელურ-ბაბტისტური, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიებისა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და ეზიდური თემის წარმომადგენლები.
შეხვედრის დღის წესრიგში შეტანილი იყო სამი საკითხი:
1. ინფორმაცია საჯარო სკოლებში საგნის ,,მე და საზოგადოება,, შესახებ;
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიცირებული კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ ;
3. მოქალაქე ტატიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის ნაწილის ანტიკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
პირველ საკითხზე დამსწრეთა წინაშე ინფორმაციით წარსდგა მამა ანდრია ჯაღმაიძე. მან წარმოადგინა ამ საგანთან დაკავშირებული მასალები და მოკლედ მიმოიხილა ის თემები, რასაც ის აერთიანებს.
გადაწყდა, რომ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები უფრო დაწვრილებით შეისწავლიან ამ მასალებს და წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, რის შემდეგაც სასურველია დაიგეგმოს შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან.
მეორე საკითხთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების კონფლიქტის პრობლემა, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტი თავისი ფორმით მიუღებელია და რელიგიური გაერთიანებები მის მიღებას მხარს არ უჭერენ.
მესამე საკითხთან მიმართებაში გადაწყდა, რომ რელიგიური გაერთიანებები უახლოეს მომალში შეიმუშავებენ და გაავრცელებენ განცხადებას, რომელშიც დააფიქსირებენ თავიანთ დამოკიდებულებას საქართველოს კანონდებლობაში ქორწინების დეფინიციისა და ერთსქესიანთა ქორწინებსთან დაკავშირებით.